Thursday, December 13, 2012

იურისტობა

პროფესია – იურისტი , ამ სიტყვებით თითქმის ყველაფერია ნათქვამი, თუმცა ცოტა ადამიანი თუ ხვდება, რეალურად რა იმალება ამ პროფესიის უკან, რა უპირატესი თვისებები გააჩნიათ იურისტებს და რა არის ის უნარები, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის. მე, როგორც რიგითმა იურისტმა, გადავწყვიტე, გაგიზიაროთ საკუთარი შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა თვისებები გააჩნიათ იურისტებს და რატომ არიან ისინი განსხვავებულები.
კომუნიკაცია იურისტისთვის ნიშნავს: ისაუბრო, მოისმინო, წაიკითხო და დაწერო უკეთესად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო, სულ მცირე, ერთი ნაბიჯით დაწინაურებული სხვა პროფესიის წარმომადგენლებთნ შედარებით.
შენ ხარ იურისტი! შენ გაქვს კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი – შენ წერ უფრო მეტს, ვიდრე მწერალი, სვამ უფრო მეტ კითხვას, ვიდრე ცნობისმოყვარე 5 წლის ბავშვი, ისმენ უფრო მეტს, ვიდრე ფსიქიატრი, საუბრობ უფრო მეტს, ვიდრე ორატორი, ამტკიცებ უფრო მეტს, ვიდრე მეცნიერი და კითხულობ უფრო მეტს, ვიდრე რედაქტორი.

შენი პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი ეთმობა სხვებთან ურთიერთობას: კლიენტებთან, კოლეგებთან, მოსამართლეებთან, ნაფიც მსაჯულებთან, მოწმეებთან… ამ ურთიერთობების დროს სწავლობ, რომ ,,სიტყვები განსაზღვრავს ყველაფერს,“ ,,ის, ვინც ბანალურ შეკითხვას გისვამს, შენთვის სულელია 5 წუთით, ხოლო ის, ვინც საერთოდ არ გეკითხება, სულელია სამუდამოდ“, ,,ცოდნა ლაპარაკობს, მაგრამ გონება უსმენს“, ,,გამოიყენე რბილი სიტყვები და მყარი არგუმენტები“, ,,კითხვა ასახვის გარეშე ჰგავს ყლაპვას ღეჭვის გარეშე“, ,,ადვილად წასაკითხი ძნელად დასაწერია“ და სხვა . . .
შენი თითოეული გამოსვლა საზოგადოების წინაშე და მცდელობა, გადმოსცე საკუთარი აზრი, გიუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს. ეს უნარი ვრცელდება არა მხოლოდ შენს პროფესიულ ცხოვრებაზე, არამედ მის გარეთაც აღწევს და გხდის წარმატებულ პიროვნებას. შენთვის ხომ წარმატება გარდაუვალია, რადგან შენ იურისტი ხარ!!!
ალბათ შეხვედრილხარ ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც გრძნობენ, რომ რაღაც აკლიათ ცხოვრებაში. ეს დანაკლისი ხშირად არის სიყვარული და გატაცება საქმისადმი. ადამიანები, რომლებიც ბედნიერნი და კმაყოფილები არიან, აქვთ მისწრაფება საკუთარი პროფესიის მიმართ. ეს ყველაზე მეტად იურისტებში ვლინდება.
თითქმის შეუძლებელია, გახდე იურისტი და არ გქონდეს სიყვარული შენი პროფესიისადმი. შენ, სხვა პროფესიებისგან განსხვავებით, ემსახურები ადამიანებს, რომლებიც განიცდიან უსამართლობას. შენ გრძნობ იმავეს, რასაც ისინი და საბოლოოდ, ხვდები, რომ იურისტის პროფესია თამაში არ არის. ადამიანები რეალური სამყაროს წევრები არიან და რასაც შენ აკეთებ, აისახება მათ ცხოვრებაზე.
თუ შენ არ გიყვარს შენი პროფესია და არ იღებ სიამოვნებას ამ საქმიანობით, მაშინ ვერ გამოსცდი იმ განცდას, რომელიც არის წყარო ძლიერებისა, ენერგიისა და შემოქმედებისა. ამ გრძნობით შენ მუდმივად, ცნობიერად თუ არაცნობიერად, შთაგობული ხარ, რადგან შენ იურისტი ხარ!!!
ხშირია, როცა ადამიანები არ გვეთანხმებიან და ცდილობენ, საკუთარი აზრები მოგვახვიონ თავზე.ისინი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ სხვების ზეგავლენა, იურისტები კი სხვაგვარად ვმოქმედებთ: იყო იურისტი, გულისხმობს, ისწავლო საკუთარი თავის რწმენა. თუ აპირებ, გამოთქვა აზრი, შესაძლებლობა გაქვს, გამოიყენო საკუთარი პრაქტიკა, გამოცდილება და ცოდნა, თუ სხვები არ გეთანხმებიან, შეგიძლია, წინ აღუდგე მათ და გაამყარო შენი პოზიცია მტკიცებულებითა და ფაქტებით. ყოველთვის შეძლებ, დაარწმუნო სხვები შენი პასუხის სისწორეში და ყოველივე ამის შემდეგ ხდები უფრო თავდაჯერებული.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შენი თავდაჯერებულობა იზრდება მაშინაც კი, როცა კარგავ არგუმენტებს და უკან იხევ, ასეთ დროს იწყებ საკუთარი თავის შემოწმებას, ეძებ შეცდომებს. თუ მათ ვერ აღმოაჩენ, დარწმუნდები, რომ მართალი იყავი. თუ შეცდომას იპოვი, თავდაპირველი რეაქცია იქნება იმედგაცრუება, მაგრამ ამ გამოცდილების შემდეგ პირდები საკუთარ თავს, რომ მომავალში უკეთესი იქნები.
როცა საკუთარი თავის რწმენა გაქვს, შენ გაგაჩნია ძალა, თქვა და გააკეთო ის, რასაც ფიქრობ, რომ სწორია, შენზე ზეწოლისა და ზეგავლენის მოხდენა ძნელია, თავდაჯერებულობა შენი პროფესიული თვისებაა, რადგან შენ იურისტი ხარ!!!

შენი კარიერის განმავლობაში გაიგებ უამრავ ისტორიას, დაინახავ ადამიანებს კარგი და ცუდი კუთხით, შეხვდები უდანაშაულოებს, რომლებიც აღმოჩნდნენ ცუდ დროსა და ადგილზე, გაიცნობ ჭკვიანებს, რომლებმაც სულელური საქციელი ჩაიდინეს, გაიგონებ ადამიანების შესახებ , რომლებსაც სჯერათ, რომ კანონის დარღვევა სწორი საქციელია, და საბოლოოდ, შენ ხვდები, რომ მსოფლიო არ არის თეთრი და შავი, არამედ ის მრავალფეროვანია, რომ სწორი და არასწორი არ არის ყოველთვის აშკარა და რომ ხშირად საკითხი უფრო რთულია, ვიდრე თავიდამ ჩანდა.
ძველი გამონათქვამია: ,,არ არსებობს აბსტრაქტული ჭეშმარიტება, უბრალოდ, არსებოს რეალობის განსხვავებული ფორმები.“ განსხვავებული ადამიანები მსოფლიოს განსხვავებულად ხედავენ. შენ ხარ იურისტი და შეძლებ დაინახო მსოფლიო სხვადასხვა ადამიანის თვალით. სამყაროს განსხვავებული კუთხიდან ცქერა აუცილებლად იმოქმედებს შენს ხედვაზე, აკვირდები სულ მცირე დეტალებსაც კი, აერთებ მათ და იღებ დასრულებულ ნიმუშს. ხდები უფრო გონებაგახსნილი და ტოლერანტი პიროვნება, შეგიძლია ადამიანი მიიღო ისეთი, როგორიც არის.
შენ ხედავ იმას, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია და ამ ყველაფერს განსაზღვრავს შენი პროფესია – შენ იურისტი ხარ !!!
არსებობს პროფესიები, რომლებიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, განავითაროს საკუთარი პროფესიული კარიერა ერთი მიმართულებით, პროფესია – იურისტი კი გიხსნის გზას თავისუფალი არჩევანისკენ: შეგიძლია იყო დამოუკიდებელი იურისტი, იურიდიული კომპანიის წევრი, საჯარო სამსახურში მომუშავე იურისტი. გარდა ამისა, შენი არჩევანი პრაქტიკულად შეუზღუდავია სპეციალიზაციის დროს დაწყებული საზღვაო სამართლით დამთავრებული მუნიციპალური სამართლით.
კიდევ ერთი უპირატესობა იურისტად ყოფნისა ისაა, რომ შენ შეგიძლია წარმატებული კარიერა გქონდეს სხვა სფეროში და შეითავსო სხვა პროფესია. ნებისმიერი სფერო მოქმედებს სამართლებრივ ჩარჩოებში, კანონისა და სამართლის ცოდნა გაძლევს უპირატესობას კონკურენტულ გარემოში.
და თუ ოდესმე დადგება დღე, როცა გსურს, გააკეთო ისეთი რამე, რაც არ იქნება დაკავშირებული სამართალთნ, შენი ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რომელიც იურისტად ყოფნის დროს შეიძინე, დაგეხმარება, იყო წარმატებული თითქმის ყველა სფეროში. ცნობილია, რომ იურისტები საუკეთესო ჟურნალისტები, ბიზნესმენები, მენეჯერები, პედაგოგები და ექსპერტები არიან.
ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივად ცვალებად სამყაროში. ადამიანები იცვლებიან დროთა განმავლობაში, იცვლიან კარიერას, სამსახურს. ძალიან ცოტას შეუძლია ფეხი აუწყოს ამ ცვლილებებს, თუმცა შენ ყველაზე მეტად შეგიძლია მოერგო ყველა დროსა და სივრცეს, რადგან შენ იურისტი ხარ!!!
ნამდვილად გსურს, იყო იურისტი? ეს არის კითხვა, რომელსაც ბევრჯერ დაუსვამ საკუთარ თავს. შეძლებ კი, ოდესმე დაანებო თავი შენს პროფესიას ?… პასუხი, რა თქმა უნდა,არის “არა!” როცა გადახედავ შენს განვლილ ცხოვრებას, იკითხავ,რა შეიძლებოდა გაგეკეთებინა ისეთი, რაც შენს ცხოვრებას შეცვლიდა. თუ შესაძლებელი იქნება, შენ შეცვლი შენს ცხოვრებას, მაგრამ შენ უარს ვეღარ იტყვი გახდე იურისტი, რადგან შენ უკვე იურისტი ხარ!!!

                                               

No comments:

Post a Comment